სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია

გუშინ ვიყავი ბაქოში, დღეს ჩამოვედი თბილისში. ეს აჩვენებს იმას, რამდენად ვაფასებთ საქართველოს ნატოში. ასევე, მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში ბრძანდებოდით. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკური დიალოგი გვაქვს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერს მხარს. 
„საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ძალიან ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლობის არაღიარების მოთხოვნა გაიწვიოს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი ასევე გამოეხმაურა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა. არჩევნები რუსეთში არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო.
მისივე თქმით, ამის ფონზე მნიშვნელოვანია, უკრაინის მხარდაჭერა გაძლიერდეს.
„რუსეთი იმპერიალისტურ მისწრაფებებს ახორციელებს და უკრაინა ამ სირთულეების წინაშეა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მხარდაჭერა გავაძლიეროთ. ნატოს მოკავშირეების 99% მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ამაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.  მე მივესალმები, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი თავშესაფრის მაძიებლად იმყოფება და  ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, აგრესია შეწყვიტოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.