აზერბაიჯანის სახალხო პოეტი ზელიმხან იაგუბი
აზერბაიჯანის სახალხო პოეტი ზელიმხან იაგუბი წარმოშობით საქართველოდანაა. პოეტის ლექსებმა აზერბაიჯანის საზღვრებს გარეთაც გაიკვლია გზა და თურქეთის ლიტერატურულმა სამყარომ მას შუა საუკუნეების დიდი თურქი პოეტის იუნის იმრეს სახელობის პრემია მიანიჭა. აზერბაიჯანში ზ.იაგუბს იცნობენ, როგორც ტრადიციული ლექსის ერთგულს. მართლაც და იგი სწორედ ამ კუთხითაა საინტერესო, - როგორ აცოცხლებს და რით ამდიდრებს მრავალსაუკუნოვან სალექსო ფორმებს. იმედია, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის იმირ მამედლის მიერ თარგმნილი ეს ლექსები ქართველ მკითხველს სწორედ თანამედროვე სალექსო ფორმების ტრადიციულთან ჰარმონიული შეზავებით დააინტერესებს.
ჩემია და სხვისია
მარტოობა სივდება,
მარტოობა ვერაგი.
სიტკბოს ტანზე ვერ ირგებს,
სიმწრისა აქვს პერანგი.
ტანზე შემომეცვითა
თოვლ-ყინულის პერანგი;
დარდს ვიშორებ, ბრუნდება
ჩემთან ვით ბუმერანგი.
ჩემი დარდის მიზეზი
აქ კი არა, იქ არი...
ღმერთო, რა შუაში ხარ,
სულში თავად ქრის ქარი.
ცოდვა თავად შევქმენით,
ერთმანეთთან მივქარეთ.
თუმც შეხვედრა შედგება
და შევაღებთ ცის კარებს.
ნათელს ვეტრფი ოდითგან,
ტრფობის ძირი შიშია...
უფლის შუქის ნაჟური
ქოჩორზე მეც მისვია.
ერთმანეთში გადადის
ღვთის და კაცის მისია...
ღმერთო, თავრიზს შეხედე,
ჩემია და... სხვისია!
სამუდამოდ
ეს მთა ჩემი მთა არი და
მე წყარო ვარ ამავ მთისა,
თან მწვერვალზე მზედ ვუნთივარ,
ავენთები აბა ვისა?!
ეს ქვა ჩემი ქვა არი და
ჩემი დიდი წარსულია.
ამ კლდეებზე ვით პაპის სულს
მხოლოდ ამ მთის ქარს უვლია.
ეს გზა ჩემი გზა არი და
ეს ზღვა ჩემი მკერდის ტალღა.
ჩემს ფიქრს ორად ყოფს არაქსი,
წყალიმც მისი შეითალხა.
ცხოვრების ტვირთს ვერ ვერევი,
თუმც ნიავი ქრის საამოდ.
მოვკვდები და შევერევი
მშობელ მიწას სამუდამოდ.
როგორც იმედს შემხედე
როგორც იმედს შემხედე,
გაგიმართლო იმედი.
როგორც ნათელს შემხედე,
ბნელს დავწყვიტო სიმები.
როგორც რწმენას შემხედ,
მოვსპო დარდის წივიმები.
როგორც ტალღას შემხედე,
ვიქცე შენს სიყვარულად.
როგოც დილას შემხედე,
გაგითენდე ფარულად.
ვით სიხარულს შემხედე,
გაგიქარწყლო წუხილი,
ვით გაზაფხულს შემხედე,
მოგესალმო ქუხილით.
ვით სიცოცხლეს სემხედე,
სისხლმა იწყოს დუღილი.
სანამ ეგრე მიყურებ,
ძმად, მოყვასად მაკლდები.
ეგრე არ უყურებენ
ერთურთს გულით ნაღდები.
ეგ თვალები გყიდიან,
სიძულვილად საღდები.
ამნაირად, ძამიკო,
(გეყოლები თავდები)
არც მე არ დავმდაბლდები,
ვერც შენ ვერ ამაღლდები.
აზერბაიჯანულიდან თარგმნა
იმირ მამედლიმ