რუსთამ დასთანოღლუ - მარტოობის მონატრება (მოთხრობა)

...ეს შენობა ისეთი ძველია, რომ კაცს წარღვნამდელი ეგონება.  ღმერთმა უწყის, ბათქაშაყრილი, სქელკედლიანი ეს  სახლი როდის, რატომ და ვინ ააშენა კიევის ერთ-ერთ უძველეს უბანში? ან ვისი სუნთქვა ათბობდა ოდესღაც მის სქელ კედლებს?
მან ეს ყველაფერი არ იცოდა და კაცმა რომ თქვას, არც არასდროს უფიქრია ამაზე. მისთვის ეს ერთი ჩვეულებრივი სახლი იყო და მეტი არაფერი. კვირაში ერთხელ  იცვლიდნენ ტანსაცმელს, რომელიც სხვა გაკვეთილებზე ეცვათ. შორდებოდნენ სხივმფინარ  გოგოებს, ამ შენობაში მოდიოდნენ და გაკვეთილები რომ დამთავრდებოდა, ჩვეულებრივ დაიშალებოდნენ ხოლმე.
ფიქრისა და რაღაცის გასაანალიზებლად დალაგებული ჭკუა-გონება და სულიერი წონასწორობა იყო საჭირო. გარდა ამისა საჭირო იყო კიდევ რაღაც, რაც ამ დალაგებულ ჭკუა-გონებასა და გაწონასწორებულ სულს დააკავშირებდა. ეს კი მას არ ერგო ბედად. და თუ ერგო, მოგვიანებით რაღაც ჭია შეუჩნდა, ჭია, რომელმაც ჭკუა-გონებისა და გაწონასწორებული სულის დამაკავშირებელი ძაფი დაღრღნა და გაწყვიტა.
მობვიანებით ამ უძველესი შენობის მთელი ფართი გადაეტიხრათ და დილეგების მსგავსი პატარ-პატარა საკლასო ოთახები მოეწყოთ. ამ დილეგის მაგვარ ოთახებს თითო-თითო პატარა ფანჯარა ჰქონდა დატანებული. ფანჯრებისთვის განკუთვნილი ფართი მინაზე უფრო მეტად უამრავ ორმაგ ხის ჩარჩოს ეკავა. რის გამოც საკლასო ოთახები ჩაბნელებული იყო, ამიტომაც მთელი დღის განმავლობაში შუქი ენთო. ეს პატარა საკლასო ოთახები ოცდახუთ, ოცდაათ ბიჭს იტევდა. დახუთულ ოთახებში სუნთქვა ჭირდა. ლექტორი, სანამ მონაყოლიდან ერთი-ორი წინადადებას დაწერდა დაფაზე, ბიჭებს ძილი ერეოდათ. კარგად გამოძინებულიც რომ ყოფილიყავი, მაინც ძილი მოგერეოდა ამ დახუთულ სივრცეში. თანაც, რა დასამალია და, მას სამხედრო გაკვეთილები სულ არ აინტერესებდა. გულისყურს ვერ უდებდა ლექციებს, რომელსაც ოფიცერი უკითხავდათ. უყურადღებობა პატარაობიდანვე ძვალრბილში ჰქონდა გამჯდარი. რატომღაც არც ბავშობაში უყვარდა თანატოლებთან ერთად „ომობანას“ თამაში. ძნელი იყო ამ უჰაერო სივრცეში გაუნძრევლად ჯდომა და მოსმენა იმისა, რაც საერთოდ არ გაინტერესებს. ასეთ სიტუაციაში რკინის ნებისყოფა უნდა გქონოდა, რომ ძილის კლანჭებისათვის დაგეღწია თავი. რას იზამ, ასეთი ნებისყოფა მას არ გააჩნდა. ბოლო მერხზე ჯდებოდა, ხელზე შუბლჩამოდებული კალამს მოიმარჯვებდა და ისეთ პოზას იჭერდა, ვითომ წერდა. როცა ოფიცერი ხვდებოდა, რომ ლექციას არ იწერს, ვადიმი (ისინი მეგობრები იყვნენ და ყოველთვის ერთ მერხზე ჯდებოდნენ) მხარზე შეეხებოდა ხოლმე, ისიც მაშინვე ფურცელს გადაატრიალებდა, ვითომც და ეს გვერდი შეივსო და ახლა იქითა გვერდზე უნდა გავაგრძელოო. ასეთ მომენტებში ერთ-ორ წინადადებას მართლაც წერდა.
ამხანაგი პოდპოლკოვნიკი ამჯერადაც ჩვეული ტონალობით ლაპარაკობდა; დაფაზე ფორმულებს წერდა, მერე შლიდა, შიგადა-შიგ კი კედელზე დამაგრებულ სქემებთან მიდიოდა და ჯოხის წვერით რაღაცეებზე მიანიშნებდა. მას კი არც ოფიცრის ნათქვამისა ესმოდა რამე და არც ამ სქემებისა. მისი გონება სხვაგან ქროდა, უფრო სწორედ, იმ ფილმზე ფიქრობდა, რომელიც გუშინ საღამოს ნახა. ფილმს „ამადეა“ ერქვა. ამ ფილმმა იგი სულ სხვა სამყაროში გადაისროლა. რატომღაც არ სჯეროდა, რომ ადამიანს შეუძლია ასეთი რამ  ფხიზელი გონებით შექმნას. იმის გამო რომ გონება ასეთი აზრებით ჰქონდა დაკავებული, ძილიც ვეღარ ეკარებოდა. კალამსაც ფურცლის ზედაპირზე აქეთ-იქით დაატარებდა, რომ პოდპოლკოვნიკი ვერ მიმხვდარიყო, რომ არაფერს იწერდა. ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ ფილმი ბოლომდე ვერ გაიგო. გადაწყვიტა, ეს ფილმი კიდევ ერთხელ ნახოს. ვადიმისკენ გადაიხარა, უნდოდა ეკითხა, „ამადეა“ კიდევ რომელ კინოთეატრში გადის? ამხანაგმა პოდპოლკოვნიკმა ეს შენიშნა. არაფერი უთხრა, უბრალოდ, გვერდულად შეხედა. ის კი დაიხარა, აქაოდა ვადიმს არაფერს ვეკითხები, მერხის ქვეშ რაღაცას ვეძებო.
ვაჰ, ნეტავ ეს ვისია? ვადიმისაა? არა! გამორიცხულია! ვადიმმა თავისი ძველი ქუდი დილას მის თვალწინ ჩააბარა მეგარდირობე ქალს.
წინა რიგები შეათვალიერა. ეს ქუდი მათგანაც არავის ეკუთნოდა.   მათი რომ ყოფილიყო, მათსავე მერხში იდებოდა. 
მათზე წინ აქ სხვა დანაყოფი იყო, ჩანს ვიღაცას დავიწყნოდა. ქუდი შეუმჩნევლად შეაცურა მერხის სიღრმეში.
ნეტა რა ღირს ასეთი ქუდები? - მოიცა, მოიცა, ვინ ყიდიდა ასეთ ქუდებს?... ჰო, გამახსენდა. საშა, წითელ დიპლომიანი ვაჭარი საშა.
საშას, მართლაც, წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული მათი ინსტიტუტი, ამჟამად კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, მეცნიერ თანამშრომელი იყო. ცხადია, სავაჭრო სფეროში მას არა თუ წითელი, ჩვეულებრივი დიპლომიც არ ჰქონდა, თუმცა ვაჭრობაში მეცნიერებაზე ნაკლებ როდი ერკვეოდა. ერკვეოდა და ძალიანაც კარგს შვრებოდა. სამეცნიერო მოღვაწეობისთვის თუ თვეში 110 მანეთს უხდიდნენ, ვაჭრობაში ორ-სამ დღეში შოულობდა მაგდენ ფულს.
-სტუდენტო ასლანოვო!
-ია! - უპასუხა, წამოდგა და გაიჯგიმა.
-პოჩემუ ლექციუ ნე პიშიტე? (ლექტორის თვალის ასახვევად კალმის მომარჯვება დავიწყნოდა).
-ტოვარიშჩ პოდპოლკოვნიკ, ჩერნილა კონჩილას, - ჩაიბურტყუნა და თავი დახარა, შეეშინდა პოდპოლკოვნიკმა თვალებში არ ამოიკითხოს რომ ცრუობს. ოფიცერმა არაფერი უთხრა, ცარციანი ხელი ჩვარზე შეიწმინდა, პიჯაკის ჯიბიდან ავტოკალამი ამოიღო და გაუწოდა, - ნა, პიში! ი ნე სპი, ასლანოვ!
-იეს! - უპასუხა, დაჯდა და ახალი გვერდიდან მოჰყვა პოდპოლკოვნიკის სიტყვების წერას.
„თზმ პრედნაზნაჩენა დლია რაზგრუსკი პერეგრუზკი რაკეტ“. ამას რამდენიმე წინადადებაც მოაყოლა და გაჩერდა. ლექციას გულისყურს ვერ უდებდა, მისი გონება ქუდს უტრიალებდა.
საშა ამ ქუდს 250-300-ად გაყიდიდა. მეტი არცაა საჭირო, ორასიც რომ იყოს, საკმარისია. ეს თანხა მე და ვადიმს გვეყოფა, რომ ზამთრის არდადეგები ლვოვში გავატაროთ.
ვაი სირცხვილო! რა ხარბი ვინმე ვყოფილვარ! აზრადაც კი არ მომდის, რომ კეთილსინდისიერად ვიკითხო, ვისი ქუდია? ეს ხომ აშკარაა, რომ ვიღაცას მერხში დავიწყნია. დავუშვათ, მე დამრჩენოდა სადმე ქუდი, საჩქაროდ უკან მობრუნებულს ადგილზე არ დამხვედროდა, საკითხავია, რას ვიზამდი?... ხომ ყველაფერს ამოვუტრიალებდი ქუდის ქურდს? იმ ნაძირალას მიმართ როგორი აზრი გამიჩნდებოდა? არა, ასე არ ივარგებს. ოც წუთში ზარი დაირეკება, პატიოსნად მოვძებნი ქუდის პატრონს და დავუბრუნებ.
მას შემდეგ, რაც გონებაში მოაგვარა ქუდის ამბავი, კვლავ მოჩვენებით წერასა და ფორმანის ფილმს დაუბრუნდა. ფიქრობდა ფილმზე და გრძნობდა, რომ ამ ფილმმა მისი სანუკვარი ოცნება კვლავ ამოატივტივა. იგი ხომ დროგამოშვებით რეჟისორობაზე ოცნებობდა. არა თუ ოცნებობდა, ზოგჯერ უკვე „გადაღებული“ კადრები უტრიალებდა თვალწინ. მიუხედავად იმისა, რომ კინოს ტექნიკაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, გონების თვალით სრულმეტრაჟიან ფილმებს იღებდა.

II
 ... ირგვლივ რაც კი სულდგმული იყო, ყველას გადაეგორებინა გრძელი დღე და ახლა იქით ბრუნდებოდნენ, საიდანაც დილა-უთენია გამოსულიყვნენ:  მწვანედ აბიბინებული ბალახით კარგად დანაყრებული ნახირი მთის ფერდობზე მოიზლაზნებოდა, ბატებსა და იხვებს მდორე მდინარე მიეტოვებინათ და თავ-თავიანთი პატრონების სახლებისაკენ მობაჯბაჯებდნენ, კანტი-კუნტად მოსჩანდნენ მწერებიცა და ფრინველებიც, ისინიც თავიანთ ბუდეებს დაბრუნებოდნენ.
ბიჭი და დედაც შინისკენ მოემართებოდნენ. მათაც მოეთავებინათ დღიური საქმე - მოერწყათ თუთუნის ბუჩქები და ახლა აღდაშის გორას ფერდობს მიუყვებოდნენ იქით, საიდანაც რიჟრაჟისას გამოვიდნენ.
ბიჭს ეჩვენებოდა, რომ მზე არ ჩქარობს სოფლიდან საკმაოდ მოშორებული მთების იქით მეწამული ტბისკენ დაშვებას: იგი ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე დაკიდებული ელოდება ყველა სულდგმული დაუბრუნდეს თავის სამყოფელს, მერე კი თავადაც უნდა ჩაესვენოს ბუდეში, საიდანაც გამთენიაზე გამოვიდა. 
... დედას ნიჩაბი მხარზე ჰქონდა გადებული, ბიჭი კი თავის ბარს მიწაზე მოათრევდა. იგი ორიოდ ნაბიჯში მისდევდა დედას. ორივენი მდუმარედ მიუყვებოდნენ გზას. გორაკი, რომელსაც ისინი მიუყვებოდნენ, თავისსავე ჩრდილზე რამდენჯერმე პატარა ჩანდა. ჩრდილს გადაელახა მდინარე, რომელიც გორაკიდან საკმაოდ მოშორებით მიედინებოდა, და ახლა სოფლის განაპირა მდგარი სახლების ეზოებისკენ მიიწევდა. სახლების შუშაბანდებზე ჩამავალი მზის სხივები ციალებდნენ. ჩრდილი სწორედ ამ სხივების შთანთქვას ლამობდა, რათა ყველაფერს ერთიანად გადაეფაროს.
ბიჭი წამოეწია ქალს, მზერა მოსწყვიტა მზეს და დედას მიაჩერდა, დედას, რომელსაც ჩავლილი წლების კვალი აჩნდა ოდნავ დანაოჭებულ სახეზე. ბიჭმა უცებ აღმოაჩინა, რომ ადამიანების დუმილიც სხვადასხვა ნაირია, ისევე, როგორც მათი ლაპარაკი, ხმის ტემბრი და მიხრა-მოხრა: ისეთი ადამიანები არსებობენ, რომ როცა ისინი დუმან, გეცოდებიან, გინდა დაილაპარაკონ, რაღაცა თქვან და გაიცინონ. როცა არაფერს ამბობენ, გულში უჯავრდები და ფიქრობ, ეს რა უბირი ვინმე ყოფილა. სხვები კი როცა დუმან, მათ სიახლოვეს თავს უხერხულად გრძნობ, არ იცი, როგორ მოიქცე, ხელები სად წაიღო, ან რაზე და როგორ ილაპარაკო? ერთ შემთხვევაში შენივე თავი გძულს, მეორე შემთხვევაში კი ის, ვინც სდუმს.
დედამისის დუმილი კი სხვათა დუმილს არ ჰგავდა. როცა დედა სდუმდა, იგი არც ბრაზობდა და არც უხერხულობა ეუფლებოდა. მხოლოდ დედის ნაღვლიანი თვალები და ჯერ ძნელად შესამჩნევი ნაოჭები უფორიაქებდა სულს. ბიჭის გონება მომართული საათივით გამალებით მუშაობდა. როგორც მდუმარე ბუნება ესაუბრება ადამიანს, დედაც თავისი დუმილით ისე ესაუბრებოდა თავის პირმშოს. ღმერთმა იცის, ახლა დედის ნაღვლიანი თვალები საითკენაა მიპყრობილი; გამორიცხული არაა იგი ახლა მდინარეში მოჭყუმპალე პატარა გოგონას ხედავდეს (მისივე მონაყოლის მიხედვით მას დედის ბავშობა სწორედ ასე წარმოედგინა და ზოგჯერ ეგონა, რომ ის გოგონა თავადაც უნახავს), შეიძლება გარდაცვლილ მშობლებს იხსენებს, არც ისაა გამორიცხული, რომ ახლა, ამ წუთში შვილების ქორწილზე ოცნებობდეს.
დედა რომ გამოსაუბრებოდა, ალბათ რომელიმე ამათგანზე ილაპარაკებდა, დუმილით კი ბიჭს ათასი ფიქრისაკენ უბიძგებდა.
უცებ დედამ, ისე, რომ არც გზისთვის მოუცილებია მზერა და არც ბიჭისთვის შეუხედავს, გეგონება ხმამაღლა აგრძელებსო გზა-გზა ნაფიქრალს, უთხრა, კი არ უთხრა, რაღაცნაირად დაუბარა: სადაც არ უნდა იყო, დეიდა ხეირანსა არ დაივიწყო, ილოცე მისთვის. იგი უშვილძირო ქალია, წუთისოფელს ისე დატოვებს, რომ კვალს ვერ დაამჩნევს. 
ამ სიტყვებმა  ბიჭი სულით-ხორცამდე შეძრა, გულის სიღრმეში საშინელი ტკივილი იგრძნო. ეს ტკივილი რომ დაეძლია, რატომღაც მოუნდა მზერა ზეცისკენ  აღაპყროს და ძაღლივით დაიყმუილოს. თავი ასწია, მაგრამ ვერ დაიყმუილა. თვალებზე ცრემლები მოადგა, წაიბორძიკა, თვალები დახუჭა და გაახილა. გუგებში დაგუბებული ცრემლი ლოყებზე  ჩამოუგორდა.
მერე თითქოს საიდანღაც შორიდან მოესმოდა დედის სიტყვები.
... განგებასაც ვერაფერს გაუგებს კაცი. რა დაშავდებოდა იმ უბედურს რომ ამ დათარსულ ქვეყანაზე ერთი თავისნაირი ხეიბარი გაეჩინა? ქვეყანა გადატრიალდებოდა, თუ რა?... ან თვითონ ხეირანსას რაღაზე აჩენდა? რას ერჩოდა ან მაგ უბედურს, ან ჩვენ?
... თურმე დედის ფიქრი წეღანდელს აქეთ თავის უფროს დას, კოჭლ ხეირანსას უტრიალებდა. იგი ამ ქვეყანას როგორც მოევლინა, ისევე იმწიკვლო დატოვებდა წუთისოფელს. ასე,  რომ დედიკოს ფიქრებში არც პატარა გოგონა დარბოდა და არც შვილის ქორწილი ყოფილა გამართული.
... ბიჭისთვის ისიც ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ასეთ რამეზე შეიძლება იფიქროს იმან, ვისაც შეუძლია თავისი დუმილით სხვა აალაპარაკებს.
... ჩრდილს უკვე შუშაბანდებამდე მიეღწია და მინებზე მოციალე სხივები ჩაეყლაპა, წეღანდელი ნათელი უგზო-უკვლოდ გამქრალიყო. ფაქტიურად, ჩრდილს მთელი მიდამო მოეცვა: მზე მთების მიღმა მეწამული ტბისკენ ეშვებოდა.
... ბიჭი და დედა ჩრდლიდაფენილ ბილიკს მოუყვებოდნენ. არც ბიჭი ლაპარაკობდა რამეს, არც დედა. ქალს თვალები შორეთისთვის მიეპყრო, ისე მდუმარედ მიდიოდა, თითქოს ის, რასაც იმ შორეთში ხედავდა და რაც მხოლოდ მისთვის იყო ცხადი, თავისკენ ეწეოდა მას. დედა თავისივე თვალების, სინამდვილის მიღმა მზირალი თვალების ნებას მიჰყვებოდა...
ბიჭი კი კვლავინდებურად მიათრევდა ნიჩაბს. ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ის კი არ მიათრევს ბარს, არამედ ბარი უბიძგებს მას, რომ დედას არ ჩამორჩეს...

ზარი დაირეკა. „სტოპ“- ო თქვა, „ფილმის გადაღება“ შეაჩერა და ჩაიცინა. ალბათ ემოციების გარეშე, უბრალოდ აპარატურით ამ ტკივილის გადაღება შეუძლებელიაო, გაიფიქრა და ერთი პირობა დააპირა წამოდგეს და დერეფანში გავიდეს. მაგრამ ამ დროს ქუდი გაახსენდა. ხელი მერხის ქვეშ შეყო, ქუდის რბილ ბეწვებს გადაუსვა და დერეფანში გასვლა გადაიფიქრა: „ისე უნდა მოვიქცე, ვითომ ქუდი არც კი შემიმჩნევია, მისი პატრონი ალბათ კარს უკან იდგა და ზარის დარეკვას ელოდა, ახლა კი შემოვა, ქუდს ხელს დაავლებს და წავა“.
დერეფანში გავიდა.  აქ იმდენ სიგარეტს ეწეოდნენ, რომ კვამლი ნისლივით ლივლივებდა და სუნთქვა ჭირდა. ყოფილი რექტორის დროს კორპუსებში სიგარეტის მოწევა აკრძალული იყო. ვინც ბრძანებას არ ემორჩილებოდა და მაინც ეწეოდა, ისჯებოდა: ასეთებს საყვედურს უცხადებდნენ, ან სტიპენდიას უხსნიდნენ. რამოდენიმეჯერ შემჩნეულ ურჩებს კი ინსტიტუტიდანაც კი რიცხავდნენ. ახლახანს ახალი რექტორი დაინიშნა. იმის გამო, რომ იგი თავადაც მწეველი იყო, აკრძალვა აღარავის ახსოვდა.
ხუთიოდ წუთი ამ კვამლში იტრიალეს და (თვითონაც რომ მწეველი ყოფილიყო, რა უჭირდა) კვლავ დახუთულ აუდიტორიებში დაბრუნდნენ და თავ-თავიანთი ადგილები დაიკავეს. 
როგორც კი დაჯდა, მაშინვე მერხის ქვეშ მოაფათურა ხელი. თითის წვერებით რბილ ბეწვებს რომ შეეხო, სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა და გონებაში კვლავ სიტუაციის აწონ-დაწონას მოჰყვა.
ერთადერთი პიჯაკი ჰქონდა და უფალმა უწყის, რა ხანია იცვამდა. ზოგჯერ, როცა პიჯაკზე ფიქრობდა, ეჩვენებოდა, რომ ქვეყნიერებას ამ პიჯაკში მოევლინა. ერთი შეხედვით არც თუ ძველი პიჯაკი იყო. მის სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა მას: ყველგან და ყოველთვის არ იცვამდა. თუ ჩაიცვამდა, ფრთხილობდა, როგორც კი შენობაში მოხვდებოდა, იხდიდა, ან მხრებზე წამოისხამდა, ან და საკიდი თუ იყო სადმე, პეწიანად ჩამოკიდებდა. თუმცა წლებმა მაინც თავისი დაამჩნია პიჯაკს, ბევრი რეცხვისა და დაუთოებისაგან საკმაოდ გაცრეცილიყო. შალვარიც დაუძველდა. მზეს რომ მიუშვერდა, სინათლე ატანდა. თითქოს პიკჯაკიც ეხვეწებოდა, გეყო, რაც ჩამიცვი და ქვეყანა მომატარე, ახლა ის დროა, თავი დამანებო და მაცალო „ჩვარივით“ ვიცხოვრო, იატაკი მოვწმინდო, მერე კი მოვიკუნტო და თვლემას მივცე თავი.
რამოდენიმეჯერ გადაწყვიტა, შინ მისწეროს, „ცოტა ფული გამომიგზავნეთო“, მაგრამ, ბოლო წუთს გადაიფიქრებდა ხოლმე. ისედაც გაჭირვებული შინაურები საამისოდ არ ემეტებოდა. მეორის მხრივ კი, ვადიმს შეპირდა, ზამთრის არდადეგებზე ლვოვში ჩავიდეთ და თხილამურებზე ვისრიალოთო. ამას კი საკმაოდ თანხა სჭირდებოდა. სოფელში საწყლებს ფული საიდან უნდა ჰქონოდათ. შინ ორი ძმა და ექვსი და ჰყავდა. დედა და დები თამბაქოს პლანტაციებში იტანჯებოდნენ. მათი მწირი ჯამაგირი ოჯახის ხარჯებს ძნელად თუ აუვიდოდა. ისიც კი არ ვიცი, ყოველთვიურ ხარჯებს როგორ მიგზავნიან? კოლმეურნეობაში ბევრს ვერაფერს შოულობდნენ, ჯაფა კი დიდი ადგათ. მთელი წლის განმავლობაში დედა და დები სამარესავით თხრიდნენ და აფხვიერებდნენ მიწას. თამბაქოს თვითეულ შითილს ფარვანასავით ევლებოდნენ თავს. მერე მოსავალს მოიწევდნენ, ახმობდნენ და ზვინებად ალაგებდნენ. ამ ზვინებს ზამთრის სუსხში რაიონულ ცენტრში ეზიდებოდნენ და თუთუნის მიმღებ პუნქტს აბარებდნენ. პუნკთთან გაბღენძილი და ღიპიანი მამაკაცები ხვდებოდნენ, გაძვალტყავებული დედისა და ქანცგაწყვეტილი დების მიერ ჩატანილ ზვინებს თვალსა და ხელს შუა დაიტაცებდნენ ხოლმე. ეშმაკური ფანდებით თითო ზვინს 5-10 კილოს ჩამოაჭრიდნენ და დანარჩენს კი მესამე და მეოთხე ხარისხის თუთუნად ჩაიბარებდნენ ხოლმე (თანაც ამას ისე აკეთებდნენ, რომ მოტყუებული სოფლელები ათას მადლობასაც კი სწირავდნენ). ორასი-სამასი სამუშაო დღე გამოსდიოდათ, კოლმეურნეობა შორმა-დღეს ორ მანეთობაზე ანგარიშობდა, ეს თანხა კი წლის განმავლობაში მიღებულ ავანსსაც კი ვერ ანაზღაურებდა.
საწყლები დამატებით პირუტყვსა და ცხვარს უვლიან, შიგადა-შიგ ყიდიან და თანხას მე მიგზავნიან, რომ აქ ძაან არ გამიჭირდეს. ეს ქუდი რომ ავიღო და გავყიდო, შინაურებსაც ხელს მოვუმართავ ამით.
... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ქუდის პატრონი, ალბათ, იმ ღიპიან-გაბღენძილთაგანია. ეგ ან ვაჭარი იქნება, ან და მისი მშობლები მაგარ ფულს შოულობენ. სტუდენტი თუ ასეთი ძვირფასი ქუდით დადის, ყველაფერი გასაგებია. თუ ქუდი ასეთი აქვს, ალბათ ამ ქუდის შესაფერისი პალტო, დუბლიონკა, ფეხსაცმელები და ტანისაცმელიც გააჩნია, გამორიცხული არ არის რომ შვედური, ან იაპონური საათიც კი ჰქონდეს. როგორც იტყვიან, ასეთებს თუ მოჰპარავ, მადლია.
... თუმცა ხომ შეიძლება, რომ ამ ქუდის პატრონი ღარიბი ვინმე იყოს და ეს კაპიკ-კაპიკ მონაგარით ჰქონდეს ნაყიდი? ალბათ იმიტომ დაავიწყდა, რომ მიჩვეული არაა ასეთ ძვირადღირებულ ქუდს. თანაც როგორი გულმავიწყია, რომ შესვენებაზეც არ გაახსენდა ქუდი; ერთი არ იფიქრა, კი მარა დილას ქუდი მეხურა, ახლა სადაა?...
... თავი დაანებე, ძამა, ამ ფილოსოფოსობას! გინდა ეს ქუდი, თუ არა?... კარგი... ვადიმს გავუმხილო ეს ამბავი?
ვადიმს რომ ვუთხრა, მაშინ თანამონაწილედ უნდა გავიხადო. ძმურად უნდა გავუყო: ასი მაგას, ასი კიდე მე... ანუ ას მანეთს ვკარგავ. ეგებ არ ვუთხრა? არა, ეგრე არ ივარგებს. სიხარბე კარგი არაა.
ამ გადაწყვეტილების გამო ჩაეღიმა. ვედიმმა ეს შეამჩნია და თვალებით ჰკითხა, „რა მოხდაო?
ხელით ანიშნა, არაფერიო.
... სიხარბე იქით იყოს და მარტომ რომ ვითავო, საკლასო ოთახიდან როგორ გავიტან? რომ გამიგონ, ჩემი თავი ჯანდაბას და ხალხსაც ხომ მოეჭრება თავი? (ჯგუფში თავისი ხალხის ერთადერთი წარმომადგენელი იყო). ორნი რომ ვიყოთ, რაღაცას მოვიფიქრებთ და თავსაც რამენაირად დავიძვრენთ. გარდა ამისა, ვადიმს ასეთ ამბებში გამოცდილებაც აქვს. ასე, რომ მას აუცილებლად უნდა გავუმხილო.
პოდპოლკოვნიკისგან ნათხოვარი კალმით რვეულის თავისუფალ გვერდზე შემდეგი სიტყვები დაწერა: “ვადიმ, აქ ვიღაცას ქუდი დავიწყნია, მერხში დევს, კარგი რამეა“. მერე რვეული ვადიმისკენ მიაჩოჩა და იდაყვით უბიძგა, წაიკითხეო. როგორც კი წაიკითხა, ვადიმმა ხელი მერხის ქვეშ მოაფათურა. მერე კი ცერა თითი აღმართა, „კარგია“-ო დაუდასტურა. მცირე პაუზის შემდეგ „მოვტეხოთ?“-ო, თვალებით ჰკითხა.
მან თავისივე დაწერილი საგულდაგულოდ წაშალა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
მგონი პოდპოლკოვნიკმა მათი მიმიკები შეამჩნია, ამიტომაც ვადიმმა მეგობარს - „მერე!“-ო ანიშნა. მან კი ვითომ წერა განაგრძო.

III
ლვოვში რომ ისვენებდა, აზდარაც კი არ მოსდიოდა, რომ ეს ჰარამი ფული იყო, მაგარ დროს ატარებდა და საამისო დრო არ ჰქონდა.
ღმერთმა კარგი დღეები არგუნა მათ. ისინი ერთთავად ლხინსა და დროსტარებაში იყვნენ,  ცეკვავდნენ, ხვდებოდნენ ლამაზ გოგოებს, საღამოობით სტუმრობდნენ მათ, დღისით კი თხილამურებით დასრიალებდნენ. ასე რომ ბევრი რამ დავიწყებას მიეცა, მათ შორის ამ ფულის ასავალ-დასავალიც. ფული იყო და იმდენს ხარჯავდნენ, რამდენიც სჭირდებოდათ.
...კარგი დრო გაატარეს. ლვოვი-კიევის მატარებლით კიევში ბრუნდებოდნენ. იგი კუპეს მეორე იარუსზე იწვა და დაბინდულ ჭერს მიშტერებოდა. ძილგამკრთალი წრიალებდა და თავს საყვედურობდა: რა მემართება, რატომ არ შემიძლია ეს წუთისოფელი ადამიანურად გავლიო? რატომ ვიქეცი ჩემივე სურვილების სათამაშოდ? რატომ ვერ ვერევი საკუთარი თავს? რატომ?
თავს საყვედურობდა, სინდისის ქენჯნას განიცდიდა და იტანჯებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში, გრძნობდა, რომ ეს გრძნობა-განცდები წარმავალია, ხვალ რომ გაიღვიძებდა, ეს ვნებათაღელვა გაქრებოდა და ალბათ არც კი ეხსომებოდა. ცხოვრებას კი კვლავინდებურად გააგრძელებდა. ეს კი კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა, სიბრაზისგან წრიალებდა, პირქვე ემხობოდა, მერე კვლავ გულაღმა გადმოტრიალდებოდა და ბინდისფერ ჭერს მიაპყობდა მზერას. 

IV
...კვლავ ის წყნარი და უბირი ბიჭი ესიზმრა, რომელიც თუ კი განრისხდებოდა, გონებასაც კი კარგავდა.
მამასთან ერთად ცხვრის ჯერზე იყო, შუადღის პაპანაქება იდგა,  ფარას გორაკის ფერდობზე ეძინა.
მამასაც ჩასძინებოდა. თავქვეშ პურის გუდა ამოედო, მუხლები მოეკეცა და გემრიელად ფშვინავდა, (მამას ღამეც ასე ეძინა). ქუდის კენკრეხო თვალებზე ჩამოეფარა და ღრმად სუნთქავდა. ბიჭი კი იჯდა და თაგვის სოროებს უთვალთვალებდა, რომლებიც გორაკის ფერდობზე მრავლად იყო და რომელთაც კარგად შესამჩნევი ვიწრო კვალი აკავშირებდა ერთმანეთთან. ზოგჯერ რომელიმე სოროდან თაგვი ამოძვრებოდა, კვალს გაჰყვებოდა და სწრაფადვე იკარგებოდა უახლოეს სოროში. ცოტა ხანში სხვა ხვრელიდან სხვა თაგვი ამოვარდებოდა, აქეთ-იქით ეცემოდა, რანდენიმე სოროსთან მიირბენდა და მერე რომელიმე მათგანში მიიმალებოდა ხოლმე. ბიჭი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს, მაშინ როცა მამამ გამოსძახა, ფარა ყანაში შედის და გამორეკეო. უმალ გამოეკიდა ფარას გამოყოფილ ოციოდ ცხავარს, რომლებიც ჯეჯილისკენ მიემართებოდნენ.
ბიჭი ამაყობდა, რომ მამას სამწყემსურში ახლდა. ეს იმის მანიშნებელი იყო,  რომ იგი უკვე დაკაცდა და ოჯახს რაღაცაში არგია. აქამდე მამას ყოველთვის უფროსი დები დაჰყავდა საძოვარზე, ისინი კი როცა საღამოთი შინ ბრუნდებოდნენ, მართლა დიდებივით იქცეოდნენ; ზედა სამოსს იხდიდნენ და დაუდევრად მიაგდებდნენ იატაკსა თუ ტახტის კუთხეში, მერე ხელ-პირს იბანდნენ, ერთს ღრმად ამოიოხრებდნენ და ტახტზე მოკალათდებოდნენ. დედა ჩაის მოართმევდა და მათთვის დაკლული ქათმის ხორცით დაანაყრებდა ხოლმე. ისინიც უფროსებივით ჩაის სვამდნენ და ქათმის ხორცს შეექცეოდნენ.
ბიჭს კი, იმის გამო რომ მთელი დღე სახლში იყო, შურდა დებისა, სურდა, რომ ისიც წასულიყო სამწყემსურში და იქიდან დაბრუნებულს დედას მისთვისაც ჩაი და ქათმის ჩახოხბილი შეეთავაზებინა. მასაც მამამისივით დაელია და ჭიქა გვერდზე გაეწია, ანუ ერთი ჭიქაც მომიტანეო. მერე კი თეფში თავისკენ მოეწია და მადიანად შეჰქცეოდა ქათმის ხორცს. მამას ეხვეწებოდა, რა იქნება, მეც წამიყვანეო სამწყემსურშიო. მამაც ყოველთვის ჰპირდებოდა, კარგი, წაგიყვანო: მოემზადე, კომბალი თან იქონიე და ხვალ გაგიყოლიებო. ისიც ემზადებოდა. სიხარულისგან ძილგამკრთალს ნაშუაღამევს ჩასთვლემდა ხოლმე. დილით გაღვიძებული კი ხედავდა, რომ მამას კვლავ მასზე უფროსი დები წაუყვანია. დედა ამშვიდებდა და ეუბნებოდა, ისე ტკბილად გეძინა, გასაღვიძებლად ვერ გაგიმეტაო. ტიროდა, მაგრამ ვერც წასულ ფარას მოაბრუნებდა უკან და ვერც კარგად ამოწურულ მზეს.
მოუთმენლად ელოდა მომავალ ჯერს, რომელიც ერთი თვის თავზე მოუწევდათ.
როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. მამამ იგი პირველად გამოიყოლა სამწყემსურში. მამის ყველა დავალებასა და მითითებას საგულდაგულოდ ასრულებდა, რათა მომავალ ჯერზე კვლავ იგი წამოეყვანა ცხვარში.
ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ბიჭი კომბალს ჰაერში ატრიალებდა და თავქუდმოქლეჯილი გარბოდა ფარასგამოყოფილი ცხვრებისაკენ...
... უცებ შემკრთალმა გაიღვიძა. თავ-პირი მლაშე ცრემლში ჰქონდა ამოსვრილი. როცა ქვემო იარუსზე გაშხლართული ვადიმი დაინახა, გაახსენდა სად იყო. წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. ამ შუა ღამეზე წინ რომელი სადგური იყო, არ იცოდა, ისიც არ იცოდა სად აპირებდა წასვლას?
მხოლოდ ის იცოდა, რომ სანამ ვადიმი გაიღვიძებს, ეს ვიწრო კუპე უნდა მიატოვოს, მატარებლიდან უნდა ჩავიდეს და მარტოდ დარჩეს იმ ბიჭუნასთან, რომელიც კარგა ხნის წინ ჩაიკლა სულის სიღრმეში. 
... და კიდევ ახლა მისთვის ცხადი გახდა, რომ იმ ბიჭუნას უმწიკლოებასთან შედარებით ლვოვში გატარებული დღეები, ქეიფები და საერთოდ, ყველა და ყველაფერი ტყუილი და მოგონილი იყო. ამ გრძნობებს ვერავის გაანდობდა, ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი ვერ გაუზიარებდა. ამიტომაც ამ ზამთრის სუსხიან ღამეს ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებულივით სრულიად მარტო დარჩენა სურდა!

აზერბაიჯანულიდან თარგმნა 
იმირ მამედლიმ