საქართველო - აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი - ვისთან ერთადაც გვიმუშავია, არ ვართ არც დამნაშავეთა რიგებში და არც იმის ღირსი, ვინმეს ვიღაცამ ტალახი ესროლოს

ეს რუკები, ჩვენთვის, კომისიის წევრებისთვის, აღმოჩენა ნამდვილად არ იყო, ეს ყველაფერი გადამუშავებულია თავის დროზე და ქართული მხარის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამოყენებულია მხოლოდ სამართლებრივად სწორი და ტექნიკურად გამართული მასალა, - ამის შესახებ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილმა წევრმა, ივერი მელაშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საუბარია 200 000-იანი მასშტაბის რუკებზე, რომელიც გამოცემულია 1936-1937 წლებში, თუმცა, ეს არ არის სრულყოფილი მასალა და მის საფუძველზე მეორე მხარესთან საუბარი არ შეიძლება.

„დამატებითი კითხვები ჰქონდათ. ძირითადად ეს შეეხებოდა ვიღაცების მიერ აღმოჩენილ ე.წ. 200 000 - იანი მასშტაბის 1936-37 წლებში გამოცემულ რუკებს და იმას, თუ რატომ არ იქნა ის გამოყენებული. რაც შეეხება რუკას, რაზეც ლაპარაკია, რომ თითქოს ამით საქართველო მოიგებს, საუბარი არ არის 1938 წლის რუკაზე, ეს არის 36-37 წლების გამოცემა. ჩემი განმარტება იყო, რომ არ შეიძლება მეორე მხარესთან საუბარი არასრულყოფილი მასალით. ის მასალა არის არასრულყოფილი, შეუთავსებელი სხვა რუკებთან და შესაბამისად, მიუღებელია.

ეს რუკა არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ვიღაცისთვის შეიძლება აღმოჩენა იყოს, მაგრამ ეს რუკა კომისიის ექსპერტთა ჯგუფს შესწავლილი აქვს, ანალიზი გაკეთებული აქვს, არის რაღაც მასალა, რომელიც გამოუყენებადია, არ არის მთლად არგუმენტირებული. რუკები ადრე მოძიებული იყო, დაახლოებით 1995-96 წლებში, არა მარტო ეს რუკა, სხვა უამრავი რუკა- მასალაა, დადგენილებები და სხვა დოკუმენტალური მასალა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის კომისიის წევრებისთვის, ვინც ვმუშაობდით, აღმოჩენა ნამდვილად არ იყო.

ვიღაცის თავში მოიხარშა, რომ თითქოს რაღაცას მოვიგებთ, აქ არ არის მოგებაზე და წაგებაზე ლაპარაკი, უნდა იყო მართალი“, - განაცხადა მელაშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს გამოძიების პროცესი, მელაშვილი პასუხობს, რომ „საბოლოო შედეგი ალბათ ის იქნება, რომ არჩევნები გადაივლის და ყველაფერი დაწყნარდება.“

„არ ვიცი, მე მგონია, რომ ვისთან ერთადაც გვიმუშავია, არ ვართ არც დამნაშავეთა რიგებში და არც იმის ღირსი, რომ ვინმეს ვიღაცამ ტალახი ესროლოს,“- აცხადებს მელაშვილი.

კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ მას დააკავებენ, მელაშვილი ამბობს, რომ „ყველაფრის შესაძლებლობა არსებობს თეორიულად და პრაქტიკულადაც“.

„თქვენც იცით, რომ ჩხრეკა ჩატარდა ჩემთან, ნატალიასთან, აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ საღ აზრს ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება“,- აცხადებს მელაშვილი.

ცნობისათვის, გენერალურ პროკურატურაში, ივერი მელაშვილთან ერთად, კომისიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვაც გამოკითხეს, რომელმაც პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.